გია ვოლსკი:  დავით უსუფაშვილს ზედმეტი მოუვიდა

გია ვოლსკი: დავით უსუფაშვილს ზედმეტი მოუვიდა

დავით უსუფაშვილს ზედმეტი მოუვიდა - კულტურულად რომ თქვა, გააკეთა ვითარების უტრირება და ამ უტრირებით, თავის განცხადებით, უხერხულობას კიდევ მეტი უხერხულობა დაამატა, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას, რომელიც მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის წარდგენისა და ამ საკითხის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას გუშინ დააფიქსირა.

“გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრი გაიყო - პრეზიდენტი ერთ აზრზეა, “ქართული ოცნება“ - მეორე აზრზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავის შეფასებაში მან (დავით უსუფაშვილმა) უტრირება მოახდინა. სიტყვები “თავისმომჭრელი“, “შემარცხვენელი“... თუკი მართლა მიაჩნია, რომ ასეთი მდგომარეობაა, თავისი განცხადებით კიდევ მეტი დაამატა იმ უხერხულ მდგომარეობას, თუკი არის ეს უხერხული მდგომარეობა. ადამიანები ვართ, წინასაარჩევნო პერიოდია და თქვა, რომ 5 ივლისის შემდეგ პოლიტიკურ გუნდში გადაინაცვლებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მან აქვე აღნიშნა, რომ “პარლამენტის თავმჯდომარე მდგომარეობის განმუხტვას უნდა ეცადოს, ვიდრე მდგომარეობის გამწვავებას“.

”ოცნებამ” მიმითითა, რომ არ ვიყავი სწორი, როცა წერეთელთან დაკავშირებულ ვითარებას სამარცხვინო ვუწოდე - მართლაც შევცდი, ეს მოვლენები არამარტო სამარცხვინო, არამედ თავისმომჭრელია”, - განაცხადა გუშინ დავით უსუფაშვილმა.