ნებისმიერი მინისტრის ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

ნებისმიერი მინისტრის ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

მინისტრთა კაბინეტში ნებისმიერი მინისტრის ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “რესპუბლიკელი” მინისტრების თაობაზე დასმული კითხვის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში, რომ ეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის სურვილზე ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველი არის პრემიერ-მინისტრი და ის მოიქცევა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარება კიდევ უფრო დადებითი და პოზიტიური იყოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად არის წარდგენილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ ცივილურად, თუმცა ამ ეტაპზე, 4 ივლისის მდგომარეობით, აღნიშნული გადაწყვეტილება არც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიღებული არ აქვთ.

“რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები არ დატოვებენ თანამდებობებს რუსეთიდან შემოძახების გამო ან ქართველი რუსეთუმების, ანტინატოელების პროტესტის გამო. ისინი თანამდებობებს დატოვებენ მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ ჩათვლის ამას საჭიროდ პოლიტიკურად ან პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადაწყვეტს ასე. დღევანდელი მდგომარეობით ჯერ არც „რესპუბლიკურ პარტიას“ მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც კვირიკაშვილს. ამასთან, არჩევნები ახლოვდება და მის მოახლოებასთან ერთად ყველა პარტია ემზადება არჩევნებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არა ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ცივილურად დატოვება თანამდებობების. ჩვენ ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“, კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ სანამ საჭიროა და ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.