ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ილკა კანერვას შეფასებით, საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტია.
ამის შესახებ ილკა კანერვამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის პოლიტიკურად ძალიან ფასეული და მნშვნელოვანი რეზოლუცია. ის შეიცავს 67 ქვეყნის პოლიტიკურ ნებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ამას შესაძლოა არ ეთანხმებოდეს. აღნიშნული დეკლარაციის წარდგენა მოხდება ვენაში ეუთო-სთვის, ასევე ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანის საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის. ჩვენ ვუგზავნით ამ მესიჯს ყველა ქვეყანას და შევეცდებით, გავაძლიეროთ ძალისხმევა ჩვენი იდეების განსახორციელებლად“, - განაცხადა ილკა კანერვამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუცია „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცეს.
პლენარულ სხდომაზე ასევე 122 ხმით, 6-ის წინააღმდეგ ეუთო-მ დაამტკიცა თბილისის დეკლარაცია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 19 პუნქტისგან შედგება. რეზოლუციაში, სახელწოდებით ”კონფლიქტი საქართველოში” ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას.
ამასთან, რეზოლუციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.