ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში

ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის პროცესში ეუთო-ს პრინციპებითა და პრიორიტეტებით ხელმძღვანელობაა საჭირო.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

“ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში და მსოფლიოში, ბუნებრივია, აქ შიდა ნაციონალური პოლიტიკური კონტექსტი ყველა ქვეყანაში ყოველთვის ფიგურირებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო მაშინ გახდება პატივცემული მოთამაშე და მონაწილე, როდესაც ჩვენ ვისწავლით იმას, რომ მსოფლიოზე, ევროპაზე და გლობალურ საკითხებზე ვიფიქროთ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია დამკვიდრებული წესებისა და პრინციპების მიხედვით მოქმედება და მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეა თბილისში იმართება, აქ ეუთო-ს პრაქტიკა მოქმედებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით, მას ინტენსიური კონსულტაციები ჰქონდა ლიბერალ-დემოკრატიულ ჯგუფთან.

"ვმონაწილეობდი ლიბერალ დემოკრატიული ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი წლის განმავლობაში უკეთესია, თუ იქნება ქალბატონი კრისტინა მუტონენი, ასამბლეის ავსტრიელი ვიცე პრეზიდენტი და ეს იქნება კარგი ეუთოსთვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვის.

ამასთანავე, მინდა ძალიან ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად, ბატონი გიგი წერეთელი, ამის გამო, იმედი მაქვს, რომ მისი შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგები არ მოახდენენ ისეთი ფრაზეოლოგიით თავისი განწყობის გამოხატვას, რომელიც დააზარალებს საქართველოს, რომელიც არ იქნება სასარგებლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობებისთვის ეუთოსთან და იმედია, არ იქნება ისეთი კომენტარები, რომელიც მთელ ამ 56 ქვეყნის წარმომადგენლობას ბრალს დასდებს რაიმე არასწორ ქმედებებში.

ამიტომ, მე ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ მუტონენს, თუ გაიმარჯვებს ვინმე სხვა კანდიდატი, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ეუთოსთან და მის საპარლამენტო ასამბლეასთან ჩვეულებრივი, ცივილური ფორმით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.