არსებობს შიში, რომ ზოგიერთი პოპულისტური პარტია საქართველოში გავლენის შენარჩუნებასთან დაკავშირებით რუსეთის ამბიციურ გეგმებში გარკვეულ როლს შეასრულებს.
ამის შესახებ European Policy Centre-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
სტატიის თანახმად, დასავლეთის მოთხოვნა, რომ საქართველოში სრულად იყოს დაცული ლგბტ საზოგადოების და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები, ასევე, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში პოპულისტური პარტიების მიერ თავის სასარგებლოდ.
"მართალია, ბევრი გამოთქვამს იმედს, რომ 2016 წლის ოქტომბერში ქართველ ხალხს მიეცემა კიდევ ერთი შესაძლებლობა, ხელახლა დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა ევროატლანტიკური დღის წესრიგისადმი, მაინც არსებობს შიში, რომ ზოგიერთი პოპულისტური პარტია შეასრულებს როლს რუსეთის ამბიციურ გეგმებში საქართველოში გავლენის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
ცხადია, რომ ეს პარტიები ბევრად ნაკლები ენთუზიაზმით უჭერენ მხარს გაწევრებას ნატო-სა და ევროკავშირში, ხოლო ზოგი მათგანი, მოსკოვთან მჭიდრო კავშირების მქონე პარტიების ჩათვლით, ცალსახად ეწინააღმდეგებიან მას. მავანნი შიშობენ, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში არსებული შეფერხება არჩევნებამდე პერიოდში წყალს დაასხამს სწორედ მათ წისქვილზე. სავარაუდოდ, დასავლეთის მოთხოვნა, რომ საქართველოში სრულად იყოს დაცული ლგბტ საზოგადოების და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები, ასევე, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში პოპულისტური პარტიების მიერ თავის სასარგებლოდ.
ამ მხრივ, საქართველოს გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესიის როლი დღესაც არაერთგვაროვანია.
მართალია, ითვლება, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, სიმპათიით არის განწყობილი საქართველოს დასავლური ორიენტაციისადმი, ეკლესიის ბევრი წევრი სრულიად სხვაგვარად აზროვნებს.
ასე რომ, ეს არჩევნები იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და მიზანდასახულობის მნიშვნელოვანი გამოცდა.
ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან - მოყირჭებასთან გაზავებული სიუხვე
წლების განმავლობაში ევროკავშირი იჩენს გულუხვობას საქართველოსთან მიმართებით. მოყოლებული 1990-იანი წლების დასაწყისიდან ჰუმანიტარული დახმარებით და 2008 წლის შემდეგ საბიუჯეტო მხარდაჭერით, ასევე დაწყებული 2008 წელს მძლავრი სოლიდარობით რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და დამთავრებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების, მისი ხელმოწერისა და რატიფიცირების განხორციელებით დამთავრებული, ევროკავშირი თანამიმდევრულ მხარდაჭერას უწევს საქართველოსა და მის მოქალაქეებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ბიუროკრატიული მანქანის ზოგიერთ ნაწილში, ასევე ზოგ წევრ სახელმწიფოში, ასევე იგრძნობა გარკვეული მოყირჭება საქართველოსთან დაკავშირებით. ორმხრივ შეხვედრებზე ქართველ პოლიტიკოსებს ხშირად ახსენებენ, რომ მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ ასოცირების ხელშეკრულების ქმედითობის უზრუნველყოფაზე.
ემზადება რა ბრექსიტის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან საბრძოლველად, ევროკავშირის პრიორიტეტი იქნება საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ჯერჯერობით და უახლოეს მომავალში ევროკავშირი არ იქნება მზად საქართველოს საბოლოო მიზნისკენ, ანუ ბლოკში მისი მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. მეორე მხრივ, იშვიათად თუ არის გამოთქმული აზრი, რომ ეს საერთოდ არ მოხდება მომავალში, როგორც ამას ვხედავთ გაწევრების მსურველი სხვა ქვეყნების შემთხვევაში. უბრალოდ, გაფართოება ამ ეტაპზე არ არის ევროკავშირის დღის წესრიგში.
მიუხედავად სირთულეებისა, ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაინც წარმატებულია. ის ახლა შედის ახალ ფაზაში, სადაც ყურადღება უნდა გამახვილდეს აქამდე მიღწეულის კონსოლიდაციაზე, რისთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების ქმედითობა ქართველი ხალხის სასარგებლოდ. დროთა განმავლობაში ამოტივტივდება ისეთი საკითხები, რომლებიც მომავალშიც გამოცდას მოუწყობს ამ ურთიერთობას (ძირითადად, გაუმართლებელი მოლოდინების შედეგი), მაგრამ, მყარი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გამოწვევების დაძლევა შესაძლებელი იქნება. შესაბამისად, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს გრძელვადიანი პერსპექტივა და დაისახოს ამბიციური დღის წესრიგი: კანონმდებლობების დაახლოება, თანამშრომლობის გაფართოება, განსაკუთრებით განათლების სფეროში, და ბიზნესებს შორის კონტაქტების განმტკიცება. სწორედ ასეთი კონკრეტული, მდგრადი ინიციატივები განსაზღვრავს მომავალს",- აღნიშნულია სტატიაში.