რუსთავში ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება აღნიშნეს

რუსთავში ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება აღნიშნეს

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების სრული ამოქმედება აღინიშნა. ღონისძიებაზე მისულ რუსთაველებს სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები და სხვა სახის ლიტერატურა დაურიგდათ. 

ადგილობრივი მოსახლეობის გარდა , ღონისძიებაში უცხოელი სტუმრებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც რუსთავის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა სახალისო აქტივობები წარუდგინეს. ღონისძიების ბოლოს, საზაფხულო თეატრში, თომა ჩაგელიშვილის მიერ ევროპის ისტორიის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქიაც ესწრებოდა. 

,,1-ელი ივლისიდან ასოცირების ხელშეკრულება სრულად ამოქმედდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს ამ შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ. ძალიან საიტერესო ღონისძიება გამოგვივიდა და რაც ყველზე მთავარია, აქ მოსულმა ადამიანებმა დამატებითი ინფორმაცია მიიღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და მისი მნიშვნელობის შესახებ“, - განაცხადა რუსთავის მერმა. 

ასოცირების შეთანხმების ნაწილი 2014 წლის სექტემბრიდან შევიდა ძალაში. 1-ელ ივლისს ამოქმედებული მუხლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული პუნქტები, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პრინციპებს.