დღეს, 1 ივლისს, ტექნოპარკში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დასაქმების ფორუმს მართავს.
დასაქმების ფორუმის მიზანია, განვითარებაზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტების და მაგისტრანტების მოზიდვა.
სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დასაქმების ფორუმში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო.
სოციალური მომსახურების სააგენტომ, მათ სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ 18 ათასამდე სამუშაოს მაძიებელს, ფორუმის აქტუალური პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია.
დღეს, 1 ივლისს, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
2 ივლისს ჩატარდება კრეათონი, სადაც GWP-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები და საგანგებოდ მოწვეული დარგის სპეციალისტები საუკეთესო პროექტებს გამოავლენენ.
4 ივლისს, ფორუმის დახურვა და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
გამარჯვებულები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.