თავის დროზე ახმეტ ჩატაევის გათავისუფლება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება, დანაშაულის ჩადენის შესახებ, არ არსებობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული არ არის ჩატაევის მონაწილეობა თურქეთში განხორციელებულ ტერაქტებში.
„დანაშაულში მისი მონაწილეობა არც საქართველოში გამოიკვეთა. შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დღეს არ იყოს დამნაშავე და ხვალ აღმოჩნდეს დამნაშავე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გუშინ უნდა დაიჭირო, როცა დანაშაული არ ჩაუდენია“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.