"წარმატებული რეფორმებისა და ამბიციური გეგმების მიუხედავად, ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას"

"ჩვენი წარმატებული რეფორმებისა და ამბიციური გეგმების მიუხედავად, ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას".

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე სესიაზე განაცხადა.

"დღეს, საქართველოს  ტერიტორიები ოკუპირებულია. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას. აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვარდება გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს კურსი და დიალოგი. სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ ამგვარი პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზულ საფრთხეებს ვაწყდებით აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ხდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, რაც აშორებს ადამიანებს და უარყოფითად აისახება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე. უკიდურეს შეშფოთებას იწვევს ის ვითარება, რომელიც შექმნილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას გამუდმებით აქვს იმის შიში, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ისევ ხდება უკანანო დაკავებები, შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება, აკრძალულია ქართულ ენაზე განათლების მიღება. მდგომარეობა საგანგაშოა,  განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ადგილზე არ არსებობს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  ერთადერთი ასეთი მექანიზმია, თუმცა, სამწუხაროდ, მას არ ეძლევა საშუალება სრულად განახორციელოს თავისი მანდატი, ვინაიდან მოკლებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას. ამ ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოში ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა", - განაცხადა პრემიერმა.