ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ულოცავენ.
სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” შესაბამის განცხადებებს ავრცელებენ შვედეთის, კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებები. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი, ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქართველ ხალხს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ქართულ ენაზე ულოცავს.
„საქართველო არის ევროპა“ - ამბობს ქართულად მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.
ის აღნიშნავს, რომ მოლდოვასა და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა მოუტანს უამრავ ბენეფიტს როგორც ამ ქვეყნებს, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც.
„მინდა ქართველ და მოლდოველ ხალხს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე მივულოცო. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს არის ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელთანაც დღეს გვაქვს საქმე, ევროპა ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში მსოფლიოს მთავარ მოთამაშედ რჩება. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო არის ევროპა, მოლდოვა არის ევროპა, უკრაინა არის ევროპა“, - აცხადებს ლინას რინკევიჩუსი.