საქართველო წარმატებული მაგალითია დემოკრატიული და ევროპული ტრანსფორმაციის, მათ შორის მედია თავისუფლების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ბევრი რეფორმა განახორციელა, რომ დემოკრატიული განვითარება ყოფილიყო სამაგალითო არა მარტო რეგიონში და „ჩვენ ამას მივაღწიეთ“.
„დღეს საქართველო არის წარმატებული მაგალითი დემოკრატიული და ევროპული ტრანსფორმაციის, მათ შორის მედია თავისუფლების კუთხით. ანგარიშები და მოხსენებები, რაც კეთდება, მათში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი და პროგრესია ყველა მიმართულებით, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მედია თავისუფლება თუ სხვა დემოკრატიული პროცესები. რაც შეეხება მედია თავისუფლებას, ალბათ მარტივად შეიძლება ამ კითხვას პასუხი გაეცეს, როდესაც დღეს თვითონ ამ ტელევიზიის წარმომადგენელი ასეთ კითხვას სვამს და რამდენად არის შეზღუდული ეს მედია დღეს თავისი პოზიციის გამოხატვაში, ალბათ დღესაც ჩანს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მოწოდება არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ყველა ძირითადი უფლება - მედია თავისუფლება, სარედაქციო პოლიტიკა, მათ შორის ქონებრივი უფლებები და სასამართლო დამოუკიდებლობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართება, რომ არავის კითხვები არ გაუჩნდება. პროცესი სასამართლოშია, სადაც იხილება ქონებრივი დავა და აქ არანაირი საუბარი მედია თავისუფლებაზე ან სარედაქციო პოლიტიკაზე არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ისე დასრულდება, რომ იქნება კიდევ ერთი დადასტურება თავისუფალი მედიაგარემოსი საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.