ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესთან და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს არაერთი საერთაშორისო ანგარიში, რომელიც ეხება ეჭვებს, რომ „რუსთავი 2“-ის პროცესში ხდება მთავრობის ჩარევა, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ყველა დეტალში არ არის ჩახედული.
„მომიტევეთ, არ ვარ ჩახედული ყველა დეტალში, რაც ხდება შიდა დაპირისპირებების მხრივ, მაგრამ ბუნებრივია, თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ჩვენი აქტივობა ეუთო-ს ფარგლებში იგრძნობა. ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ სამართლიანი, სუფთა, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, მართვის სწორი სტილი არსებობდეს ყველგან, მათ შორის საქართველოში. ბუნებრივია, მე არ მაქვს არანაირი მითითება, ან ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობა ამას სხვანაირად ხედავდეს“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.