ალექსანდრე ჯეჯელავა აბიტურიენტებს - გახსოვდეთ, რომ ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ

ალექსანდრე ჯეჯელავა აბიტურიენტებს - გახსოვდეთ, რომ ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ

გახსოვდეთ, რომ ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ, - ასე მიმართავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სოციალურ ქსელ ”ფეისბუქით” აბიტურიენტებს.

მინისტრი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ მათ შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

”ყველა აბიტურიენტს წარმატებას და მალე სტუდენტობას გისურვებთ. მთავარია, არ ინერვიულოთ და დადებითი განწყობით მიხვიდეთ გამოცდაზე.

ყველა საგამოცდო ცენტრში კომფორტული გარემოა შექმნილი, რომ მაქსიმალურად კარგად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა. გახსოვდეთ, რომ, ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ. თქვენს შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ და ვიცი, როგორც სტუდენტებს, მალე შეგხვდებით.

აბა, თქვენ იცით!”, - წერს ჯეჯელავა ”ფეისბუქზე”.

განათლების მინისტრი დღეს დილით, რეგისტრაციის დაწყებისას ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში არ მისულა, სადაც ტრადიციულად 09:00 საათზე, მინისტრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის პირველი კომენტარი კეთდებოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, განათლების მინისტრი მუხიანში მდებარე საგამოცდო ცენტრში მივიდა, თუმცა მედია ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.