ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვადები ქართველი ხალხის მოლოდინთან შესაბამისობაში იქნება

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვადები ქართველი ხალხის მოლოდინთან შესაბამისობაში იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვადები იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს მოლოდინებთან შესაბამისობაში, - ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა მოხდება თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე და ხომ არ იმოქმედებს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე კრიმინალთან დაკავშირებული საკითხი.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის მხარდაჭერით ბევრი რეფორმა განახორციელა იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია დაემსახურებინა და ასევე გამხდარიყო სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის.

„აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს ნეგატიური ამ მიმართულებით, იქნება ძალიან არადამაკმაყოფილებელი და არ იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის სასიამოვნო, იმიტომ, რომ როდესაც ენერგია იხარჯება, იმისთვის, რომ ვალდებულებები შესრულდეს, ამ ვალდებულებებს სჭირდება შედეგი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დღეს კითხვა ასე არ დგას - საქართველო მიიღებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას. ეს ხაზგასმული იქნა კიდევ ერთხელ ჩვენი მეგობრის, ბატონი შტაინმაიერის მხრიდან. აქ საუბარია ვადებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვადები იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს მოლოდინებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რაც შეეხება კრიმინალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ევროპელ პარტნიორებს აწუხებთ, იყოს გადაჭრილი ერთობლივი თანამშრომლობითა და პარტნიორობით.

„ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ გერმანიასთან და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან გაგვეღრმავებინა თანამშრომლობა იქნება ეს კრიმინალთან ბრძოლის საკითხები თუ სხვა. გვაქვს სოლიდური ხელშეკრულებების ბაზა, ეს ყველაფერი გვაიმედებს, რომ ეს საკითხი არ იქნება გერმანელებსა და ქართველებს შორის დღის წესრიგში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ საუბარია შეჩერების მექანიზმზე, რომელიც მუშავდება და წარდგენილია ევროპარლამენტში დასამტკიცებლად.

„ჩვენ გვერდი არ ავუარეთ ამ საკითხებს და თვითონ ლიბერალიზაციის საკითხი გადაწყვეტილია“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.