პედრო აგრამუნტი:  ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით

პედრო აგრამუნტი: ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით

ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით, - ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პედრო აგრამუნტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ძირითადი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პედრო აგრამუნტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რაც საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ღრმა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე მიუთითებს.

”შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, ჩაატაროს საუკეთესო, დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ შორის ის ნაბიჯიც, რომ ხელისუფლება, არჩევნებზე დასაკვირვებლად, სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ კომპლექსურ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობამ, 2012 წლიდან დღემდე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით განახორციელა და აღნიშნა, რომ ამაზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებიც მიუთითებს.

როგორც ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრისას საუბარი, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხო.

”ამ კონტექსტში მხარეებმა ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს”, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.