მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირი და საქართველო ერთად არიან ევროპული განვითარების დღის წესრიგის მონაწილეები

მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირი და საქართველო ერთად არიან ევროპული განვითარების დღის წესრიგის მონაწილეები

ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, მიუხედავად დღეს არსებული დიდი გამოწვევებისა, რომ ევროპის განვითარება იყოს სტაბილური, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს - საქართველოს დიდ მეგობარს, ქართველი ხალხის მეგობარს და ჩვენს დიდ მეგობარს. ის პირველად არ არის საქართველოში და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ მას, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე აღვნიშნეთ ერთად - 1 ივლისი, როდესაც ძალაში შევიდა და სრულად ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის. ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც პირობითად ძალაში შევიდა 2014 წლის სექტემბრიდან და ახლა სრულად ამოქმედდა, უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგები როგორც ეკონომიკური, ისე ინსტიტუციური განვითარების და ჩვენი პოლიტიკური დაახლოების კუთხით ევროკავშირთან. ამ შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს. იზრდება ეკონომიკური აქტივობა ევროკავშირთან, მათ შორის, გერმანიასთან, იზრდება ინვესტიციები და ექსპორტი და ეს ქმნის მყარ საფუძველს, რათა ჩვენი განვითარება ევროკავშირთან ერთად იყოს მდგრადი და სტაბილური. ჩვენ ძალიან დიდი დახმარება გვაქვს ამ მიმართულებით გერმანიის მხრიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გერმანია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი და დონორია როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარების კუთხით საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით, ჩვენი ევროპული მისწრაფებების გზაზე, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მიმართულებით“, - განაცხადა ჯანელიძემ და მადლობა გადაუხადა გერმანიას იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის საქართველოს უწევს. 

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროპა იყოს უსაფრთხო და მიუხედავად დღეს არსებული დიდი გამოწვევებისა, ევროპის განვითარება იყოს სტაბილური. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ევროკავშირი და საქართველო ერთად არიან ევროპული განვითარების დღის წესრიგის მონაწილეები“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს ძალიან მაღალი დონის ურთიერთობები აქვს გერმანიის მთავრობასთან - ბოლო პერიოდში გაიმართა ძალიან მაღალი დონის არაერთი ვიზიტის, რაც ხაზს უსვამს იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც საქართველოს აქვს გერმანიის მხრიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა, რომ გერმანიის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური ურთიერთობები გერმანიასთან ყოველ წელს ღრმავდება და ჩვენ 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი აღინიშნება.

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და ეუთო-ს და გერმანიის როლს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე. კონფლიქტებზე, რომელიც რეგიონშია; ეუთო-ს მნიშვნელობაზე, გერმანიის მნიშვნელობაზე ამ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში. ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის და იმ პროვოკაციებზე და მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზთან არის. ვისაუბრეთ იმ მშვიდობიან მიდგომებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ჩვენ სრულად ვასრულებთ ჩვენ მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებას. ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მოვახერხოთ ამ კონფლიქტის დარეგულირება, ასევე, მაქსიმალურად ჩავრთოთ ოსი და აფხაზი ხალხი იმისათვის, რომ მოხდეს დაახლოება და ნდობის აღდგენა და შესაბამისი გადაწყვეტილების გზების მოძიება. ამ მიმართულებით ეუთო-ს და გერმანიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.