ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვარაუდით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას სექტემბრის მეორე ნახევრიდან მიიღებს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვარაუდით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას სექტემბრის მეორე ნახევრიდან მიიღებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ვარაუდობს, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე აზრით, უფრო ადრე, ივლისის ბოლომდე დასრულდება შესაბამისი ფორმალური პროცედურა.

”ჩემს გამოსვლაში მე ძალიან ცალსახად გავუსვი ხაზი, რომ გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური ვიზალიბერალიზაცია. ეს ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს ამისთვის. ის განრიგი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში არის ძალიან ამბიციური - საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები... ვფიქრობ, თვის ბოლოს, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ ალბათ სექტემბრის განმავლობაში, უფრო მეორე ნახევარში მივალთ საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. 

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. 

საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას.