ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - მსურს უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ აქტიურობის და რეფორმებისთვის, რომელიც საქართველომ განახორციელა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - მსურს უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ აქტიურობის და რეფორმებისთვის, რომელიც საქართველომ განახორციელა

ფაქტი, რომ აქ ვარ კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ აქტიურობის და რეფორმებისთვის, რომელიც შენმა ქვეყანამ და მთავრობამ განახორციელა უკანასკნელი წლების განმავლობაში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შტაინმაიერის თქმით, მოხარულია, რომ კვლავ საქართველოში იმყოფება სტუმრად და მიხეილ ჯანელიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

”ვერ ვიხსენებ როდის ვიყავი ბოლოს, მაგრამ ბევრჯერ ვყოფილვარ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ბოლო გაჩერება, ვიყავი ერევანსა და ბაქოში. ეს არის კულმინაცია, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც გერმანიას აქვს ყველაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა. პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად შენც სტუმრობით ბერლინს, ეს ხაზს უსვამს თუ რამდენად მჭიდროა ურთიერთობა უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის. გერმანიაში ვიზეიმეთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი, თქვენს პრემიერ-მინისტრთან ერათად, ეს მეტყველებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურია ჩვენი ურთიერთობები, არამედ სამოქალაქოც, ვინაიდან საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი იყო იქ, ვისაც ამ ურთიერთობის გაძლიერების ინტერესი აქვს”, - განაცხადა შტაინმაიერმა. 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტი ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის, ამიტომ კარგი იდეა იყო, რომ 2017 წელი იქნება ქართულ-გერმანული ურთიერთობის წელი, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს.

”ვისაც აინტერესებს ესა თუ ის, ერთი ან მეორე ქვეყანა, ვისაც უნდა კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით წარმოაჩინოს საქართველო გერმანიაში და პირიქით, სწორედ ამაში ქართულ-გერმანული წელი გარკვეულ წვლილს შეიტანს. ჩვენ ვისაუბრეთ 2018 წელზე, როცა საქართველო იქნება წარმოდგენილი ძალიან აქტიურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რათა საქართველომ ლიტერატურული თვალსაზრისით წარმოაჩინოს ძალიან ფასეული ქართული კულტურა. დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის. ეს არის ასოცირების შეთანხმების ოფიციალურად, ყოვლისმომცველად ამოქმედების დღე. ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შემთხვევითობა, რომ დღეს ორივე ვართ აქ. ფაქტი, რომ აქ ვარ კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ აქტიურობის და რეფორმებისთვის, რომელიც შენმა ქვეყანამ და შენმა მთავრობამ განახორციელა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ის პატივისცემა, რომელიც არა მარტო ჩემგან მოდის, არამედ მთლიანად გერმანიისგან და ევროკავშირისგან”, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. 

საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას.