გიორგი კვირიკაშვილი - აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მყარ უმრავლესობას მოვიპოვებთ

გიორგი კვირიკაშვილი - აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მყარ უმრავლესობას მოვიპოვებთ

ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ მოვიპოვებთ ძალიან მყარ უმრავლესობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 
პრემიერმა ბოლო პერიოდში სხვადასხვა პარტიისა და ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირებულ განსხვავებულ მონაცემებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნება” არ აპირებდა შიდა კვლევა გამოექვეყნებინა, თუმცა ამის გაკეთება აიძულეს.

”საერთოდ მგონია, რომ ამ კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ ძალიან ხშირად, წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგებს. ჩვენ გვქონდა ჩვენი შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით ამის გამოქვეყნებას, მაგრამ დაიწყო განცხადებები, რომ ჩვენ ამ კვლევების გამოქვეყნების გვეშინია. იძულებული ვიყავით გამოგვექვეყნებინა, თორემ საერთოდ არ ვაპირებდით”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, ყველა პარტია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს შიდა სოციალურ კვლევებს, ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება. 

”ჩვენ გვაქვს ჩვენი აღქმა და ეს ემყარება ძალიან ბევრ საჯარო შეხვედრას, რეგიონებში ძალიან აქტიურ მუშაობას და რა თქმა უნდა ჩვენს შიდა კვლევებს. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მოვიპოვებთ ძალიან მყარ უმრავლესობას. ვნახოთ, რა რაოდენობაში იქნება გამოხატული, მაგრამ ჩვენს ძალიან მყარ გამარჯვებაში ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული. 

ვნახოთ, არჩევნები წინ არის. მთავარი არის ერთი რამ, არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და დაფიქსირდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს დემოკრატიზაციის. ამისთვის ვართ ჩვენ ყველანი მოწოდებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩატარდეს მშვიდობიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.