"ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის დადასტურებაა"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის დადასტურებაა.

მისივე თქმით, ვიზიტის დეტალები ზუსტდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

"დიდი სიხარულით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დეტალები ვიზიტის შესახებ დაზუსტდება და გამოცხადდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამ ვიზიტს, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება ნატო-ს სამიტის წინ ამერიკის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.