ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას

ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას

ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ არის სტრატეგიული. ჩვენ ვხედავთ დიდ შესაძლებლობებს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და იმ ძალიან კარგი საწყისის გარღმავების პერსპექტივას, რომელიც უკვე ჩაყრილია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. მე ვარ ქვეყანაში, რომელიც იყო პირველი, რომელმაც 25 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც ორასი წელია ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და ამდიდრებენ ჩვენს კულტურას და ყოფას, ქვეყანაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს დემოკრატიულ და სახელმწიფოებრივ განვითარებაში და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ, ასეთი ხანგრძლივი და სტაბილური მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის არის ძალიან საინტერესო ბიზნეს და სტრატეგიული პროექტები, რომელთა გარღმავებაც ორივე სახელმწიფოს ინტერესებშია.

”გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი ევროპულ პროცესში და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული და პერსპექტიული. საქართველო დაინტერესებულია ევროპის წარმატებაში, ევროპის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაღრმავებაში და საქართველო მზად არის ამ პროცესში იყოს აქტიური მოთამაშე. როდესაც საქმე შეეხება გლობალურ სტაბილურობას, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არასდროს შემოვიფარგლებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით, არამედ რეალურად ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში, თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია ვიყოთ უაღრეესად ჩართულები და აქტიურები ევროპულ პროცესში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა ყველა იმ სირთულეზე, რომელიც გააჩნია საქართველოს და რომლებიც არის ევროპაში.

”მე მიხარია, რომ ჩვენ ვხედავთ ერთმანეთში მეგობრებს. მე ვიქნები მოხარული, თუ თქვენ და თქვენი მეუღლე ჩამობრძანდებით ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი ძალიან მოხარული იქნება, თუ ჩამობრძანდებით”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.