დაპირებებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ პენსიების შესახებ რა დაპირება ჩაიდება ჩვენს ახალ პროგრამაში, კარგად უნდა დაითვალოს

დაპირებებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ პენსიების შესახებ რა დაპირება ჩაიდება ჩვენს ახალ პროგრამაში, კარგად უნდა დაითვალოს

ჩვენ არ გვინდა საარჩევნოდ ისეთი დაპირებები გავცეთ, რომელიც უახლოეს პერიოდში რეალიზებული არ იქნება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა.

”ოთხი წლის პერიოდზე განსახორციელებელ დაპირებებთან დაკავშირებით, ცუდი გამოცდილება გვაქვს და ცოტა უხერხულობა შეგვექმნა - ბევრი რამ შესრულდა, მაგრამ ბევრი რამ, მოულოდნელი განვითარებების გამო, ვერ შესრულდა. არის საკითხები, რომელიც ვერ შესრულდა”, - ამბობს ვოლსკი.

რაც შეეხება კონკრეტულად პენსიის თემას, რომლის თაობაზეც ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დაპირება საარჩევნო პროგრამაში ჩაიდება, ვოლსკის თქმით, ”ეს დასათვლელია და ასე ადვილად ციფრების სროლა საჭირო არ არის”.

”საქართველოში ხორციელდება ძალიან ბევრი სოციალური პროგრამა. ბიუჯეტის 1/3 სოციალურ პროგრამებზე მიდის. შეიძლება პოპულისტებმა პენსიებთან დაკავშირებით დაპირებები იმის ხარჯზე გასცენ, რომ რაღაც დაფინანსება სოციალურ პროგრამებს მოაკლდება, მაგრამ ადამიანებით ასე თამაში, არ შეიძლება. ყველაფერი კარგად უნდა დაითვალოს”, - აცხადებს ვოლსკი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ახალი დაპირებები ჩაიდება, მათ შორის პენსიების საკითხზეც.