თურქეთში

თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" წევრების მასობრივი დაკავება მიმდინარეობს

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის პოლიციამ 13 ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა, რომლებიც სტამბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

სპეცპერაციაში, რომელიც თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად ტარდება, რამდენიმე ასეული პოლიციელი მონაწილეობს.

დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოსთვის" ლოჯისტიკურ და მატერიალურ დახმარებასა და ახალი წევრების გადმობირებაში.

სპეცოპერაცის ფარგლებში, პოლიციამ ჩხრეკის ადგილებიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები ამოიღო.

შეგახსენებთ, რომ სტამბულში, ათათურქის აეროპორტში ტერაქტების სერიის შედეგად, დაიღუპა 42, ხოლო დაშავდა 250-მდე ადამიანი.

თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამორებული ნივთმტკიცებები მიუთითებს, რომ ტერაქტის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას.