დავით უსუფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის მზადების დასკვნით სამუშაოებს გაეცნო

დავით უსუფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის მზადების დასკვნით სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან რობერტო მონტელასთან, გენერალური სამდივნოსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ”ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიისთვის დასკვნითი სამუშაოებს გაეცნო.

დავით უსუფაშვილთან და რობერტო მონტელასთან ერთად, ჟურნალისტებმა მედიაცენტრი, პლენარული და საკომიტეტო სხდომების დარბაზები დაათვალიერეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას საქართველო პირველად მასპინძლობს და მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია.

”ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, საქართველოსთვის ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარებულა, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მსგავსი მასშტაბის მოვლენა საქართველოში პირველად ხდება. ჩვენ 60-მდე ქვეყნიდან ველით 600-მდე სტუმარს, პარლამენტის წევრებს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, დელეგაციებიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, ეუთო არის ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე მეტი ევალება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეგიონში, ქვეყანაში და რომელიც რუსეთის პოლიტიკის გამო, ყველაზე ნაკლებად არის ჩართული საქართველოს საქმეებში. მოგეხსენებათ, რუსეთის ვეტოს გამო, ეუთო-ს საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობა აღარ ჰყავს. ამიტომ ამ ღონისძიებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც, ეს არის გზავნილი ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან, რომ საქართველო არის მათთვის ისეთივე ყურადღების ცენტრში და საინტერესო პარტნიორი ქვეყანა, როგორიც დღემდე იყო და კიდევ უფრო მეტი“, - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, სესია, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ერთად, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პედრო აგრამუნტი დაესწრებიან, დატვირთული რეჟიმით იმუშავებს.

”სტუმრად ჩვენ გვეყოლება არამხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, არამედ ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი შტაინმაიერი, სტუმარი იქნება ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, ბატონი აგრამუნტი და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი სტუმრები. ასე რომ სესია ძალიან დატვირთული გრაფიკით იმუშავებს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

1-5 ივლისს, თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის თემაა: ”25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.