ივანიშვილი და ”ქართული ოცნება” ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში და გაუმარჯოს მათ იმ პარალელურ სამყაროში

ივანიშვილი და ”ქართული ოცნება” ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში და გაუმარჯოს მათ იმ პარალელურ სამყაროში

„თავისუფალი დემოკრტების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბ ბიგვავა ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს არგებს.

„არ გავცნობილვარ ამ კვლევის შედეგებს, თუმცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბიგვავა ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს არგებს. ივანიშვილი და ზოგადად „ქართული ოცნება“ ცხოვრობს პარალელურ სამყაროში, აქვთ რეალობის აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნება, ვიდრე მთელ საზოგადოებას, ამიტომ გაუმარჯოს მათ იმ პარალელურ სამყაროში, სადაც არიან. ეგონოთ, რომ ისინი არიან ბატონ-პატრონები ყველაფრის. ხალხი კი სხვანაირად ფიქრობს. ხალხი ფიქრობს, რომ ეკონომიკურად ვერ განვითარდნენ, დაიკარგა ბევრი სამუშაო ადგილი, ამიტომ ამ კვლევას სერიოზულად არ ვიღებ“, - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, „თავისუფალ დემოკრატებსაც“ აქვთ შიდა მონაცემები.

„ჩვენ გვაქვს შიდა მონაცემებიც. ჩვენ ხალხთან შეხვედრისას ვხვდებით საზოგადოების სატკივარს და ვიცით ადამიანებს რა სტკივათ. ჩვენ არ ვართ ისეთი მილიარდერების პარტია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“, რომლებსაც შეუძლიათ დაიქირავონ უცხოელი წარმომადგენლები, თუმცა ეს ბიგვავას არ ეხება. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ხალხის დამოკიდებულება“, -განცხადა ალასანიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მთავარი თამარ ჩიქოვანთან“ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პარტიის განვითარებისთვის პერიოდულად ატარებს შიდა კვლევას, რომლითაც განსხვავებული მაჩვენებლები ფიქსირდება, ვიდრე ბოლო დღეებში მედიაში დასახელდა.

„სიტუაცია არის ასეთი, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ რეიტინგთან ასეთ ურთიერთობაში იყო: „ქართული ოცნების“ იყო 30%-მდე და „ნაციონალური მოძრაობის“ 15%-მდე. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის 13%-მდე, ქართული ოცნება - 35%. ასეთი სხვაობაა, ეს არის რეალობა. ამას სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი, ბევრი მონაცემის გამო. ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობაა. 42% თუ არის კვირიკაშვილის, 21%-ზე მეტია ბაქრაძის“, - განაცხადა ბიგვავამ.