სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განცხადებით, როცა კომპანია სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და 20%-იანი ცდომილება აქვს, თუ თავმოყვარე ორგანიზაციაა, თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს.
მისი თქმით, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში მუშაობდა და იცის, რომ GFK-ს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. გორგილაძე აღნიშნავს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, სხვადასხვა მოტივების გათვალისწინებით, "ქართულ ოცნებას" უპირატესობა ექნება.
"ყველაფერი ეს იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია, პარლამენტში უმრავლესობა აიღოს. "ნაციონალური მოძრაობა" მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს ინარჩუნებს და ამ სტატუსს რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია - ირაკლი ალასანიას, პაატა ბურჭულაძის, ნინო ბურჯანაძის პარტიები და "პატრიოტთა ალიანსი" უახლოვდება. "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 10-დან 13-14 %-მდე მერყეობს. შემიძლია მომავალი კვლევების პროგნოზიც გავაკეთო, რომლებსაც სექტემბრის თვეში NDI, IRI და GFK გამოაქვეყნებენ და, რომლის შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობა" პირველ პოზიციაზე აღმოჩნდება. ყველას ვაფრთხილებ, ეს ძალიან არასერიოზულია და დესტაბილიზაციის ინიცირების მცდელობაა", - განაცხადა სოციოლოგმა 20/30-ის ეთერში.
GFK - ის კვლევის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციას "რუსთავი 2- მა" დაუკვეთა, კითხვაზე - თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა "ქართული ოცნება", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი 21.7%-მა.
შეგახსენებთ, რომ პარტიული შიდაკვლევების თანახმად, "ქართულ ოცნებას" 35 % უჭერს მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 13 %.