სირცხვილია, საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები, ბრწკენები და მომწონს-არ მომწონს

სირცხვილია, საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები, ბრწკენები და მომწონს-არ მომწონს

თუკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პრეზიდენტად გიგი წერეთელს აირჩევს, ეს არც ძალიან ცუდი იქნება და არც ძალიან კარგი - ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ”სირცხვილია, საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები, ბრწკენები და მომწონს - არ მომწონს”.

უსუფაშვილის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევისას, პირადად ის გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, როგორც ”ლიბერალ-დემოკრატთა” ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომლის წევრიც თავად არის.

”ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველ წელს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. დღევანდელი მდგომარეობით თავმჯდომარეა ილკა კანერვა. მას ჰყავს ვიცე თავმჯდომარეები. რამდენიმე წელია, რაც გიგი წერეთელი ამ ორგანიზაციის ვიცე თავმჯდომარეა. ასე რომ, თუ მას ასამბლეა თავმჯდომარედ აირჩევს, ეს არც ძალიან ცუდი იქნება და არც ძალიან კარგი - ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. სრულიად ბუნებრივია აჟიოტაჟი, რაც ამ თემამ საქართველოში გამოიწვია. მინდა ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში 57 ქვეყნის დელეგაციის მიერ წყდება და არა საქართველოს დელეგაციის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს სამი ხმა. ასე რომ, რაც არ უნდა გულში მჯიღი ვიცეთ, რომ ვიღაც მხარს უჭერს, ვიღაც - არა, ეს გადამწყვეტი არ არის. გადამწყვეტი იმ პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებია, რაც შექმნილია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში”, - განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო ასამბლეებში პოლიტიკური ჯგუფები იღებენ გადაწყვეტილებას და არა ინდივიდები, სრულიად ბუნებრივია, რომ ”ევროპის სახალხო პარტია” მხარს უჭერს გიგი წერეთლის კანდიდატურას, რომელიც არის ამ პარტიის წევრი, ხოლო ”სოციალ-დემოკრატთა” კანდიდატს მხარს უჭერს ”ქართული ოცნება”, რომელიც ”სოციალ-დემოკრატიულ” გაერთიანებაში წევრიანდება.

”პირადად მე, “ლიბერალ-დემოკარტიული” გაერთიანების წევრი ვარ და გადაწყვეტილებას ”ლიბერალ-დემოკრატიულ” ჯგუფთან ერთად მივიღებ. ეს გადაწყვეტილებები მიიღება ეუთო-ს მასშტაბით განსახორციელებელ საქმეებზე და აქ შიდა პოლიტიკური სიმპატიები, ანტიპატიები და პერსონალური დამოკიდებულებები არაფერ შუაშია. უნდა ვისწავლოთ, რომ საერთოდ, საერთაშორისო არენაზე ჩვენი შიდა კინკალობები, ბრწკენები, მომწონს - არ მომწონს, ეს არის სირცხვილი. ჩვენ გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, თუ როგორ აწყობს ეუთო-ს საქმეს, ეუთო-სთვის რა იქნება სწორი და კარგი და რა შეთანხმებები იქნება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.