”ნაციონალების” ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

”ნაციონალების” ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

როგორც აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ღურჭუმელიას თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დაატოვებინეს, თუმცა, რეალურად, „ის გათავისუფლებულია კორუფციული გარიგებების გამო“, რომელიც აღნიშნულ სამსახურში ხორციელდებოდა და რომელიც შიდა აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა. 

აბესაძის თქმით, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ავტობუსებმა დღის განმავლობაში დაახლოებით 12 000-ზე რეისით ნაკლები შეასრულეს, ვინაიდან 108 ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავია. 

„კომპანიის დირექტორატი გაუარესებული მომსახურების პირობებში ახერხებს დახარჯოს 60 000 ლარი სარესტორნო მომსახურებაში. ასევე ახერხებს სამივლინებო ხარჯებისთვის მილიონობით ლარის დახარჯვას ისე, რომ არც ერთი თეთრი დასაბუთებული არ არის. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მძიმე კორუფციული შემთხვევებია ტენდერებში, კერძოდ, აუდიტორებენ წერენ, რომ ზეთისა და დიზელის ხარჯვაზე არასათანადო ხარჯებია გაწეული და ასეულობით ათასი ლარი იფლანგება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ იკვეთება ტენდერების კონკრეტულ კომპანიებზე მორგების მცდელობა. აუდიტორების დასკვნით, დღესაც ნებართვის გარეშე ხორციელდება ვაკე-კუს ტბის საბაგირო გზის მშენებლობა, ვინაიდან აღნიშული კომპანიის დირექტორი, რომელიც მშენებლობას ახორციელებს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკადრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და-ძმა არიან, ანუ იკვეთება ნეპოტიზმი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

მისივე თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და საკითხი უნდა იქნას შესწავლილი პროკურატურის მიერ. საკრებულოს დეპუტატის თქმით, აღნიშნულ დასკვნაზე რეაგირება უნდა მოახდინოს როგორც პროკურატურამ, ასევე თავად თბილისის მერიამ. ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ღურჭუმელია პარლამენტის დეპუტატ გუგული მაღრაძის სიძეა.