ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნების” შიდა კვლევა უფრო სანდო და ლოგიკურია, ვიდრე გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საყვარელიძემ განუცხადა, ”ქართულ ოცნებაში” განხორციელებული ცვლილებები პარტიის რეიტინგზე დადებითად ისახება, ”ნაციონალურ მოძრაობაში” კი ”ახალი არაფერია”.
”როდესაც სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევით სხვადასხვა შედეგი იდება, უნდა დავანებოთ თავი დამკვეთებს და ყურადღება გადავიტანოთ იმაზე, თუ რა პოლიტიკური აქტიურობა ჰქონდა ამა თუ იმ პარტიას განვლილ პერიოდში. გასულ თვეებში ”ქართული ოცნება” უფრო აქტიური იყო იმ მხრივ, რომ განიცადა ცვლილებები - გამოჩნდა კვირიკაშვილი, რომელსაც დადებითი შეფასება აქვს, რასაც ემატება სხვადასხვა სახის მოძრაობა. როგორც წესი, ასეთი სიახლეები ისახება რეიტინგზე. ”ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი არაფერია, გრძელდება ძველი მუშაობა. ასეთ მუშაობას ჰქონდა თავისი რეიტინგი და ეს იყო დაახლოებით 15%-18%-ის გარშემო. ასეთ ვითარებაში, რატომ აიწია GFK-ს გამოკითხვაში ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგმა და რატომ არის იმავე დონეზე ”ქართული ოცნების” რეიტინგი, გაუგებარია. აქედან გამომდინარე, უფრო სანდოდ, უფრო ლოგიკურად მიმაჩნია ის შედეგები, რომელიც გამოაქვეყნა ზურაბ ბიგვავამ”, - განაცხადა საყვარელიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მთავარი თამარ ჩიქოვანთან“ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პარტიის განვითარებისთვის პერიოდულად ატარებს შიდა კვლევას, რომლითაც განსხვავებული მაჩვენებლები ფიქსირდება, ვიდრე ბოლო დღეებში მედიაში დასახელდა.
ხოლო, გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ, ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა.