ევროკავშირიდან ბრიტანეთის გაყვანის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ დეპარტამენტს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლივერ რობინსი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საუბარია ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსალოდნელია, რომ ოლივერ რობინსი მოვალეობების შესრულებას 4 ივლისიდან შეუდგება, მას შემდეგ, რაც დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
ქვეყნის პრემიერმინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, მომდევნო პრემიერმინისტრსა და მის მთავრობას უნდა ჰქონდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია სწორი მიდგომის განსასაზღვრად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებებისთვის და მისი შედეგებისთვის.
მისივე თქმით, ახალ დეპარტამენტში მიუკერძოებლად განიხილავენ ყველა ვარიანტსა და შესაძლებლობას, ასევე ხარჯებსა და მოგებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება.