აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა სტამბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს გმობს და თურქეთს მომხდარის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ობამა თურქ ხალხს მომხდარის გამო უსამძიმრებს. „საუბრის დროს ამერიკის პრეზიდენტმა თურქეთს გამოძიების პროცესში მხარდაჭერა და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით თანადგომა შესთავაზა“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯოშ ერნესტმა. მას არ დაუკონკრეტებია, სთხოვა თუ არა თურქეთმა ამერიკას დახმარება ტერაქტის შემდეგ.