სტამბოლის საშინელი ტრაგედია უნდა იქცეს დასაწყისად გლობალური ბრძოლის გააქტიურებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებაში.
თედო ჯაფარიძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.
„შოკირებული ვარ სტამბოლში, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო. სასტიკად ვგმობ ამგვარი ძალადობისა და ტერორიზმის გამოვლინებას. მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს. ეს საშინელი ტრაგედია უნდა იქცეს დასაწყისად გლობალური ბრძოლის გააქტიურებისათვის ნებისმიერი შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, მათი რელიგიური კუთვნილებისა და ეროვნების მიუხედავად. ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სტამბოლის აეროპორტში ტერორისტულ თავდასხმას გუშინ 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 150 კი დაშავდა.