'საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს

'საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს"

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, კურსის მოკლევადიან ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ, ამიტომ ეროვნული ბანკი ცდილობს, თავი შეიკაოს, რომ ბაზარზე გარკვეული მოლოდინები არ გააჩინოს.

მისი თქმით, საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს.

"თუმცა ოპტიმისტური მოლოდინების გამო, ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე იმ მომენტისათვის არსებული ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რასაც ბუნებრივია კორექცია მოყვა. ეს სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და გაცვლით კურსს წრფივი დინამიკა არასოდეს აქვს. დამატებით ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა საერთაშორისო ბაზრებზე გამოიწვია სავალუტო კურსების ცვლილება და მათ შორის მოლოდინების არხით გავლენა იქონია ლარის კურსზე. გასათვალისწინებელია, რომ მცურავი კურსის პირობებში, კურსის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოყვება", - აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

მესტვირიშვილის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა.

"მსესხებლებს ვურჩევთ, სესხი აიღონ მხოლოდ ეროვნული ვალუტით, ასევე გრძელვადიან დანაზოგი უმჯობესია გახორციელდეს ეროვნული ვალუტით. მოსახლეობამ და ბიზნესმა, თუ არ უნდათ დამატებითი რისკების აღება, მაშინ უნდა შეიძინონ უცხოური ვალუტა და მაშინ გაყიდონ, როდესაც ეს ჭირდებათ, კურსის პროგნოზირების მცდელობისა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ. გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობაა და ჩვენი გადაწყვეტილებებიც ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება. მოსახლეობის კეთილ-დღეობისა და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია დაბალი ინფლაციისა და მდგრადი ეკონო-მიკური ზრდის კომბინაცია და არა ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა. საქართველოში გვაქვს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ზრდა და მომავალში მოსალოდნელია, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება. ინფლაცია არის დაბალი, რაც მიუთითებს, რომ კურსს გრძელვადიან დინამიკაში გამყარების ტრენდი ექნება", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.