აშშ-ის კონგრესმენი - საქართველო მალე გახდება NATO-ს წევრი

აშშ-ის კონგრესმენი - საქართველო მალე გახდება NATO-ს წევრი

აშშ-ის კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებით, ის აფასებს, რომ საქართველოს აშშ-ის შემდეგ, სიდიდით მეორე უმსხვილესი კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში.

მისი თქმით, საქართველო შავ ზღვაზე მდებარე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

"გასულ წელს, ავღანეთში ყოფნის დროს, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს შევხვდი. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ქვეყანა, რომელსაც ჩვენს შემდეგ სიდიდით მეორე უმსხვილესი კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში, საქართველოა. ბევრს მიაჩნია, რომ საქართველო შავ ზღვაზე მდებარე პატარა ქვეყანაა. არა! საქართველო შავ ზღვაზე მდებარე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, სადაც არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს",-აღნიშნა უილსონმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში.

მისივე თქმით, ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან და ნამდვილი პატრიოტები არიან. 

"შარშან თბილისში ვიყავი. შევხვდი მოსახლეობას, სამხედრო მაღალჩინოსნებს, მთავრობის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ასევე ვეწვიე ადმინისტრაციულ საზღვარს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიაზე ყოველ დღე გვახსენებს. ვფიქრობ, NATO-სთან დაახლოება წინ მიიწევს და ისე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველოც მალე გახდება NATO-ს წევრი. ჩემი ოთხი ვაჟიდან სამი ჯარისკაცია და ისინი ავღანეთში და ერაყში ქართველების გვერდით იბრძოდნენ. მე მათგან ვიცი, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან. ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან",- განაცხადა უილსონმა.