სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს შეასრულებს. პარაკლისი 18:00 საათზე დაიწყება.
მანამდე სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ლავრაში, სულიწმინდის ტაძარში შესრულდება წირვა.
სულთმოფენობა ოთხ მოძრავ დღესასწაულთა შორისაა და ყოველ წელს აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიები ყვავილებითა და ფოთლებით ირთვება და მომდევნო შაბათამდე ეკლესიაში რჩება. სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს, სახლში, სადაც მისი მოწაფეები იყვნენ შეკრებილნი, უფლის მიერ აღთქმული სულიწმინდა ცეცხლის ენებით, ხილულად გადმოვიდა მოციქულებზე. სულიწმინდის გადმოსვლით მოციქულებზე ენათა ცოდნის მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და მის სასწაულებზე ექადაგათ.