საქართველო ახლა ფართოდ განიხილება საბაჟო ადმინისტრაციის რეფორმირების მაგალითად

საქართველო ახლა ფართოდ განიხილება საბაჟო ადმინისტრაციის რეფორმირების მაგალითად

პრემიერის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, საქართველოს ევროკავშირის ბაზრებზე ინტეგრაციისა და თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირების საშულებას აძლევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო  ყველა ღონეს ხმარობს შესაბამისი “ტექნიკის” შესაქმნელად და ამავდროულად, ცდილობს, "პროგრამული უზრუნველყოფის" დანერგვასაც.

"ჩვენ უკვე ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ბაზრებზე, რომლებიც 900 მილიონ ადამიანს ფარავს, დაწყებული ევროკავშირით, თურქეთითა და დსთ-ს ქვეყნებით და დამთავრებული აშშ-თი, კანადით, იაპონიითა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციით (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია). საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA), რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა, საქართველოს ევროკავშირის ბაზრებზე შემდგომი ინტეგრაციისა და თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, DCFTA მნიშვნელოვან შეღავათებს უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ჩინურ და სხვა კომპანიებს პოტენციურად მისცემს ევროკავშირის ბაზარზე უფრო ხარჯთეფექტური გზით წვდომის საშუალებას.

"ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩატარდა ჩინურ-ქართული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონმიკური მიზანშეწონილობის კვლევა და უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები. ჩვენი ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაზრდის, მათ შორის, დაგეგმილია თითქმის 29% იანი ზრდა ღვინის პროდუქციაზე. უფრო მეტიც, თავისუფალი ვაჭრობის სივრცის გაფართოების კუთხით, ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედზე მიცემს წვდომას.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარდა, საზღვრის მართვის მოდერნიზაციის კუთხითაც ჰოლისტიკური მიდგომა გვაქვს. ვაჭრობის ხელშეწყობისა და საბაჟო კონტროლის კუთხით ჩვენ მიერ მიღწეული შესანიშნავი ბალანსი აისახება მკვეთრად გაზრდილ შესაძლებლობებში და საქართველო ახლა ფართოდ განიხილება საბაჟო ადმინისტრაციის რეფორმირების მაგალითად",-აღნიშნა პრემიერმა.

მან ასევე დასძინა, რომ საქართელო მუშაობს ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე. უკვე დღეს, საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი შტამბეჭდავად მარტივი და იაფია.