შალვა დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ქვეშ, პროდუქტების ძველებური სათავსო აღმოჩნდა

შალვა დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ქვეშ, პროდუქტების ძველებური სათავსო აღმოჩნდა

შალვა დადიანის N32და N34 -ში ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო თბილისის განვითარების ფონდმა. შალვა დადიანის ქუჩა N32- სა და N34-ში უძველესი ისტორიული სახლების სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. ფონდის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართებზე შენობებს სრული გამაგრება ჩაუტარდება, შენარჩუნდება ისტორიული დეტალები, აივნები, პირვანდელი სახით აღდგება გარე და შიდა ეზოს ფასადები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და სახურავები, მთლიანად გამოიცვლება ძველი საკომუნიკაციო ქსელები. ისტორიული კვლევების მიხედვით ცნობილია, რომ შალვა დადიანის ქუჩა N32 და N34 -ში მდებარე სახლები ძველი ქალაქის გოდოლ - ბურჯზეა დაშენებული და სწორედ ამ ტერიტორიაზე გადიოდა თბილისის ძველი საზღვრები.

გარდა უკვე ცნობილი გალავნის კედლისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დადიანის N32-ის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ქვეშ აღმოჩნდა პროდუქტების ძველებური სათავსო, რომელიც იმ დროინდელი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი იყო და მაცხოვრებლები მსგავს სათავსოებს მიწის ქვეშ პროდუქტების შესანახად აშენებდნენ. აღმოჩენილი ისტორიული სათავსოს ზუსტი თარიღის და ისტორიული ღირებულებების შესასწავლად არქეოლოგები მუშაობენ. თბილისის განვითარების ფონდი ისტორიულ სათავსოს კონსერვაციას დარგის სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით ჩაუტარებს.

შალვა დადიანის ქუჩა N34 - ის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს icomos”- ის მიერ მომზადებული პროექტით მიმდინარეობს. შალვა დადიანის ქუჩა N32 და N34-ში მდებარე უძველესი ისტორიული შენობების რეაბილიტაცია და რესტავრაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.