პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა სექტემბრიდან შეეძლებათ.
კვირიკაშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ ევროკომისიის ყველა მოთხოვნა შეასრულა.
"ამავე დროს, მე მესმის, რომ ევროკავშირში უამრავი პრობლემა არსებობს, უპირველეს ყოვლისა, მიგრანტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის ევროკავშირის მოქალაქეების სენსიტიურობა ამ საკითხებისადმი. ასე რომ, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის დანერგვა, რომელსაც ევროპარლამენტი მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცებს, მოგვცემს არსებული საშიშროების განეიტრალების საშუალებას. ვფიქრობ, უკვე სექტემბერში, შესაძლებელი იქნება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება. იმედგაცრუებული ვარ თუ არა? პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, იყვნენ იმედგაცრუებული ან ნაწყენი”, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
პრემიერმა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაძლებს ქვეყნის რეფორმირების, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების, მეტი ინვესტიციის მოზიდვის, ევროპულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობისა და ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების საშუალებას. იზრდება საქართველოს მიმზიდველობა ინვესტორებისთვის მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა.