საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ "რუსთავი 2"-ის საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობაზე განცხადება გააკეთა. განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობის დროს გააჟღერა და აღნიშნა, რომ მისი შუამდგომლობა საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე დროის გახანგრძლივებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც საკონასტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას "რუსთავი 2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების თარიღი არ ჰქონდა ჩანიშნული.
"მაშინ, როცა საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხი დავაყენე პირველ კოლეგიას გადაწყვეტილების თავდაპირველი ვერსიაც კი არ იყო შემოშავებული და არ ვიცოდი რა გადაწყვეტილებას მივიღებდით. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დავასწრებდით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინდა გთხოვოთ, რომ არ ჩათვალოთ ჩემი შუამდგომლობის დაყენება საქმის გაჭიანურებად და არ ჩათვალოთ, რომ მიზნად ისახავდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ გამოცხადებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
პროცესის მიმდინარეობის დროს აღნიშნული განცხადების გაჟღერების გამო მერაბ ტურავას პლენუმის თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მიმართა, რომ არ გაასაჯაროვოს ისეთი დეტალები, როგორიცაა "იყო თუ არ იყო ჩანიშნული საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი".
"რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან. საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გუშინ დაიწყო. თავდაპირველად საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა, არსებითი განხილვა და დასკვნითი სიტყვების ნაწილი დასრულებული იყო, კოლეგიის მოსამართლეები სათათბიროდ იყვნენ გასული და საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპი იყო დამდგარი, თუმცა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობით საქმე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.