ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი რუსეთის სპეცსამსახურების ორი მაღალჩინოსნისთვის ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვის მოხსნას ლობირებს. ამის შესახებ ევროპული გამოცემა „ობსერვერი“ წერს.
გამოცემის ცნობით, საუბარია ევროპის სახალხო პარტიის წევრებზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სანქციების მოხსნა აუცილებელია ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლისთვის.
წერილში, რომელიც ბრიტანულ გამოცემა Independent-ში გამოქვეყნდა, ევროდეპუტატების ჯგუფი მოითხოვს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბორტნიკოვისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მიხაილ ფრადკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.
„გვსურს შეგახსენოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-მ მეტწილად ეკონომიკური სანქციები დააწესა, ისინი ასე შორს არ წასულან და მათ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებთან უსაფრთხოების კუთხით კოოპერაცია საფრთხის ქვეშ არ დაუყენებიათ. ჩვენ რატომ უნდა ვაკეთებდეთ ამას ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე?“, - ნათქვამია წერილში.
ევროდეპუტატების ჯგუფი მიიჩნევს, რომ რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვები უსაფრთხოების სფეროში და ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
„თუ ამ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის შემცირებას გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენ გავხდებით ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხეების შექმნის მონაწილენი. ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებული გეოეკონომიკური ომი ტერორიზმთან ბრძოლის გზაზე აღარ უნდა იდგეს“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 12 ევროდეპუტატი აწერს.