მიხეილ გიორგაძე - ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არ სჯეროდათ, რომ ბათუმში კონცერტზე ამდენი ადამიანი ჩავიდოდა

მიხეილ გიორგაძე - ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არ სჯეროდათ, რომ ბათუმში კონცერტზე ამდენი ადამიანი ჩავიდოდა

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არ სჯეროდათ, რომ ამდენი ადამიანი ჩავიდოდა ბათუმში, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კვების ობიექტების მოუმზადებლობა კულტურის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტს შორის კოორდინაციას არ უკავშირდება, ვინაიდან კომუნიკაცია შესანიშნავი იყო. 

“ალბათ გახსოვთ გარკვეული სკეპტიციზმი სხვადასასხვა წყაროსგან ამასთან დაკავშირებით, სულ ვამბობდით, რომ ბევრი ადამიანი ჩავიდოდა ბათუმში და ასეც მოხდა - 40 ათასამდე ადამიანი ჩავიდა. უბრალოდ, კერძო სექტორი უფრო უნდა მომზადებულიყო. ალბათ გარკვეული სკეპტიციზმი ამ სექტორშიც არსებობდა. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ რატომ არ სჯეროდათ, რომ ამდენი ადამიანი ჩავიდოდა ბათუმში, მითუმეტეს, რომ ბილეთები გაყიდული იყო. აბსოლუტურად გადავსებული დიდი თუ პატარა სასტუმროები, დაკონსერვებული მშენებლობების გახსნა იმისთვის, რომ ბინები გარემონტებულიყო და გაქირავებულიყო, ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აპირებდა ჩასვლას ბათუმში იმ რამდენიმე დღის, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე ამას პოზიტიურ გამოცდილებად ვაფასებ“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

მინისტრის თქმით, როცა ნებისმიერ დიდ ქალაქში ერთდროულად ამდენი ადამიანი ჩადის და დიდი ღონისძიება ტარდება, გარკვეული შეფერხებები ყველგან იქმნება. „ამისგან დაზღვეული არავინ არის. ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას, მომავალში კიდევ უფრო მომზადებული დახვდება ბათუმი ან სხვა რომელიმე ქალაქი ამ პროცესს, დახვეწის პროცესი გრძელდება. მთავარია ვისწავლოთ საკუთარ გამოცდილებაზე და ყოველ შემდეგ ჯერზე უფრო მომზადებული დავხვდეთ ისეთ შესაძლებლობას, რომელიც ბათუმს მიეცა“, - აღნიშნა გიორგაძემ და დასძინა, რომ ამ დღეების განმავლობაში კერძო ბიზნესებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2-3 თვის შემოსავალი მიეღოთ. 
ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა.