აშშ-ის პრეზიდენტმა ქალაქ ორლანდოში მომხდარ ტრაგედიას „ტერორისა და სიძულვილის აქტი“ უწოდა. სპეციალურ ვიდეომიმართვაში ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ შეხსენებაა, რომ თავდასხმა აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეზე არის თავდასხმა ყველა ამერიკელზე.
„ჩვენ არ შეგვეშინდება და ერთმანეთის წინააღმდეგ არ განვეწყობით. ამის ნაცვლად ჩვენ ვიქნებით ერთად იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი დავიცვათ და მივიღოთ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც გვემუქრება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გუშინ აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი კლუბში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფები დაცხრილა. შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, კიდევ 53 დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა დამნაშავის ლიკვიდირება სპეცოპერაციის შედეგად მოახდინეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი 29 წლის ავღანელი ომარ სედიკ მატინია.