თეოლოგი - თუ მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის ჯგუფებად დაიყოფა, ჩვენ სავარაუდოდ ამ უკანასკნელში აღმოვჩნდებით

თეოლოგი - თუ მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის ჯგუფებად დაიყოფა, ჩვენ სავარაუდოდ ამ უკანასკნელში აღმოვჩნდებით

თუ მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინეპოლის და მოსკოვის ჯგუფებად დაიყოფა, ჩვენ სავარაუდოდ ამ უკანასკნელში აღმოვჩნდებით, - ამის შესახებ თეოლოგი თეიმურაზ ბუაძე წერს და სხვამს კითხვას - ამ შემთხვევაში გაეხსნება თუ არა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ხელები, აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალურობა მიანიჭოს?

ბუაძე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა კრეტაზე გასამართ დიდ კრებაში, თუმცა აცხადებს, რომ მის მიზანს არა სინოდის გადაწყვეტილების კრიტიკა, არამედ შექმნილი სიტუაციის შეფასება წარმოადგენს.

„კონსტანტინეპოლის პატრიარქი დიდი და წმინდა კრების ჩატარებას მაინც აპირებს. ამ კრებას თავიდანვე ჰქონდა მინიჭებული უნივერსალური სტატუსი და საკითხავია დაკარგავს თუ არა ის საყოველთაოობას, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე წევრმა მას ბოიკოტი გამოუცხადა? უნივერსალურობა ყოველთვის რაოდენობრივ სისრულეს არ გულისხმობს. არც ერთ წინა მსოფლიო კლებას არ ესწრებოდა აბსოლუტურად ყველა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელი. კონსტანტინეპოლის პატრიარქს კანონიკური უფლება აქვს მოითხოვოს, რომ კრების გადაწყვეტილება ყველასთვის სავალდებულო იყოს. საკითხავია, რამდენად შეეძლებათ კრებაზე არდამსწრე ეკლესიებს კონსენსუსის არგუმენტის გამოყენება. ამ შემთხვევაში კონსენსუსის პრინციპი მხოლოდ კრების მონაწილეებზე ვრცელდება, კონსენსუსს ხომ თავისი პროცედურული ასპექტიც აქვს? დიდი კრება შეუდარებლად უფრო მაღალი ინსტანციაა, ვიდრე მისი მოსამზადებელი შეხვედრები. კამათებს და მსჯელობებს, რომელიც კრებამდე ხდებოდა, ყველაფერს გადაფარავს კრების დროს კონსენსუსის პრინციპით მიღებული გადაწყვეტილებები. მომავალ კრებაზე კონსენსუსი ნამდვილად იქნება, რადგან ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, იქ აღარ მიდის“, - წერს ბუაძე სოციალურ ქსელში. 

მისი ვარაუდით, კრების დამთავრების შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქი კრებაზე არდამსწრე ელესიებს მიღებულ დოკუმენტებზე ხელმოწერას შესთავაზებს და შეიძლება ვადებიც დათქვას. 

„მთავარი კითხვა ესაა - აღმოვჩნდებით თუ არა სქიზმაში თუ უარს ვიტყვით მათ ხელმოწერაზე? თუ ხელს არ მოაწერენ, დარჩება ერთი შესაძლებლობა: ეკლესიებმა რომლებმაც უარი თქვეს კრებაში მონაწილეობაზე, თავად უნდა მოაწყონ ახალი კრება და იქ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები დაგმონ. ეს უკვე კანონიკურად გაფორმებული სქიზმა გამოვა. თუ მართლმადიდებელი ეკლესია ორ, კონსტანტინეპოლის და მოსკოვის ჯგუფებად დაიყოფა, ჩვენ სავარაუდოდ ამ უკანასკნელში აღმოვჩნდებით. ამ შემთხვევაში გაეხსნება თუ არა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ხელები, რათა აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალურობა მიანიჭოს? გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოწამეობრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხული რუსეთის პატრიარქი ტიხონი ჩვენი ავტოკეფალიის საშინელი მოწინააღმდეგე იყო. ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია დეფაქტო მოიპოვა წინა საუკუნის ოციან წლებში, დე იურე კი ის კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ მოგვანიჭა. ღმერთმა ნუ ქნას და სქიზმის შემთხვევაში, თუ ჩვენ რუსეთის მხარეს აღმოვჩნდით და კონსტანტინეპოლს ჩამოვშორდით, ხომ შეიძლება, ოდესმე რუსეთის ეკლესიის რომელიმე უმაღლესმა იერარქმა ეჭვის ქვეშ დააყენოს ჩვენი ავტოკეფალიის მართებულობა?“, - წერს თეოლოგი.