გერმანიის პოლიციამ თურქული წარმომავლობის დეპუტატებს დაცვა დაუნიშნა

გერმანიის პოლიციამ თურქული წარმომავლობის დეპუტატებს დაცვა დაუნიშნა

გერმანიის პოლიციამ ბუნდესტაგის თურქული წარმომავლობის 11 დეპუტატს დაცვა დაუნიშნა. გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ამის მიზეზი მათი მისამართით არსებული მუქარებია .

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას მეზიერი დეპუტატების მისამართით მუქარებს მიუღებელს უწოდებს. მისი თქმით, გერმანიის 3,5 მილიონი მცხოვრები თურქული წარმომავლობისაა. „ისინი კარგი მეზობლები და გერმანული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არიან“, - განაცხადა მინისტრმა.

მანამდე, გერმანიის შსს-მ აღნიშნულ დეპუტატებს რეკომენდაციით მიმართა, უსაფრთხოების მიზნით, თურქეთში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. ზოგიერთმა პარლამენტარმა თურქეთში ვიზიტი გადადო.

თურქული წარმომავლობის დეპუტატებისადმი მუქარა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ივნისს ბუნდესტაგმა ოსმანთა იმპერიის მხრიდან სომხეთის გენოციდი აღიარა.