ამერიკის ქალაქ ორლანდოში სროლების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ ქალაქის მერზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, 53 ადამიანამდე გაიზარდა დაჭრილების რიცხვი. ამასთან, რამდენიმე დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
12 ივნისს გამთენიისას, უცნობმა პირმა ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბში ცეცხლი გახსნა. აღნიშნული პირი პოლიციის მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად ლიკვიდირებულია. ოფიციალურად უკვე დასახელდა დამნაშავის ვინაობა - ის ომარ მათინია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ინციდენტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.