ქართულ პროდუქციაზე აზიური ბაზრის დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია

ქართულ პროდუქციაზე აზიური ბაზრის დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია

 

ქართულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ღვინოზე, ბოლო პერიოდში აზიური ბაზრის დაინტერესება გაზრდილია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა.

მისი თქმით, წინა წლის მონაცემებთან შედარებით დაინტერესება 109%-ით არის გაზრდილი. დანელია არ გამორიცხავს, რომ წელს ჩინურ ბაზარზე მინიმუმ 3 000 000 ბოთლის ექსპორტირება მოხდეს.

„აზიურ ბაზარზე ჩვენ გვაქვს სერიოზული ზრდა. საუბარია ღვინოზე - 2 600 000-მდე ბოთლის ექსპორტი მოხდა ჩინეთში. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 3 მილიონი ბოთლის ექსპორტი უნდა მოხდეს 2016 წლის ბოლომდე. არსებული ტენდენცია არის აბსოლუტურად პროგრესული. ჩვენი გათვლაა, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს 10 მილიონი ბოთლის ექსპორტი ჩინეთში. ასევე დიდი ინტერესია ქართულ თაფლზე, თხილზე, რადგან ჩინეთი, გარდა იმისა, რომ არის ექსპორტიორი, ასევე არის დიდი იმპორტიორიც. რაც შეეხება რუსულ ბაზარს, არის პროგრესი განსაკუთრებით ცხოველური წარმოების პროდუქტებზე. ხდება უწყებათაშორის მოლაპარაკებები. ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები ამ ქვეყანასთან, თუმცა კერძო სექტორი კოლეგიალურ დონეზე მაინც ახერხებს საერთო ენის გამონახვას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კითხვაზე, ბაზარზე რამდენად სტაბილურ მიმწოდებლად ითვლება საქართველო, დანელია განმარტავს, რომ სტაბილური მიმწოდებლების ნაწილში არის შემთხვევები, როდესაც მიწოდება არ არის ორგანიზებული. ამას სჭირდება კოოპერირება, გაერთიანება და დისტრიბუციის გზების განვითარება. არის ასევე როგორც წარუმატებელი, ასევე ძალიან წარმატებული შედეგები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საერთაშორისო ფონდ IFAD-ის დაფინანსებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მედიატური ტარდება, სადაც ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები.