პრეზიდენტს აქვს განმეორებით კანდიდატების წარმოდგენის საშუალება, შესაძლებლობა და იქნებ, მოვახერხოთ და მალე დავაკომპლექტოთ სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის, რომ უზენაესი სასამართლო ჯერ კიდევ დაუკომპლექტებელია, სასურველი არ არის.
„თუ დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ დაამტკიცა, ამის გამო ვწუხვარ. ვწუხვარ ორი მიზეზის გამო, რადგან სამივე წარდგენილ კანდიდატურას ჩემი ხმა ჰქონდა და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე. ეს ერთი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი მაქვს ვწუხდე, იმიტომ, რომ ამით უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი - ეს არ არის სასურველი მოვლენა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უკვე ორ თვეზე მეტია გაიწელა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს დაკომპლექტება მალე მოხდება.
„პრეზიდენტს აქვს განმეორებით კანდიდატების წარმოდგენის საშუალება, შესაძლებლობა და იქნებ, მოვახერხოთ და მალე დავაკომპლექტოთ სასამართლო. ყველასთვის აბსოლუტურად მისაღები კანდიდატები მსოფლიოში არ არსებობენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მონდომებული იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ. ასე ხერხდება ხშირად. მაგალითად, ერთი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხერხდა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა და ეს იყო სწორი. იმედი მაქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთანაც ამას როგორმე მოვახერხებთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
გუშინ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
უზენაეს სასამართლოში მათ დამტკიცებას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრა ასეთი შედეგით დასრულდა: ანა დოლიძე 34 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი; თამარ ლალიაშვილი 27-მომხრე, 2 - წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22- მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.