ვახტანგ კაპანაძე - რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისა და ”ანაკონდას” სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ვერ მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში

ვახტანგ კაპანაძე - რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისა და ”ანაკონდას” სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ვერ მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში

რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისთვის და ”ანაკონდას” სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ვერ მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, საერთაშორისო სწავლება „ანაკონდა 2016“-ში ქართული ასეულის მონაწილეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს 2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16" ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.

„ჩვენთვის არასასიამოვნო მდგომარეობა წარმოიქმნა, რადგან ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ წვრთნებში მონაწილეობას. სწავლებისთვის დანაყოფიც სრულ მზადყოფნაში იყო. მაგრამ გაუფრთხილებლობით, ოჯახში პატარა ბავშვს ჩუტყვავილა შეეყარა და პიროვნებამ დაავადება აღნიშნულ ასეულში შემოიტანა. სამწუხაროდ, ეს ამბავი დანაყოფის სწავლებაზე გამგზავრებამდე ორი-სამი დღით ადრე მოხდა. ჩვენ მოვიწვიეთ კონსილიუმი, რომელშიც მედიკოსებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჩვენს დანაყოფს უნდა მიეღო მონაწილეობა ამერიკული ბატალიონის დაქვემდებარებაში. საერთო გადაწყვეტილებით, რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისთვის და ზოგადად მთლიანად ”ანაკონდას” სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ამჯერად ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ წვრთნებში. თუმცა ჩვენგან პირადად მე ვაპირებ პოლონეთში ჩასვლას, სადაც სწავლებას ორივე მიმართულების სარდალთან ერთად დავაკვირდები“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.