კახა კალაძე - ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ვერ მოახერხა მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება

კახა კალაძე - ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ვერ მოახერხა მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება

ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ვერ მოახერხა მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება . ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

კალაძემ მოსახლეობის ინფორმირებულობის სიმცირეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ხელისუფლებას აქტიური კამპანია ექნება ჩასატარებელი. ამასთან, კალაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას ”ვირტუალურ საქართველოში” აცხოვრებდა.

”მოსახლეობის ნაკლები ინფორმირება შესაძლოა იყოს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ხარვეზი. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, გვქონდა ერთი უკიდურესობა, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თავიანთი მედიასაშუალებების მეშვეობით აცხოვრებდნენ ვირტუალურ საქართველოში. ამ ვირტუალურ საქართველოში მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო და მილიონობით სამუშაო ადგილი იქმნებოდა. თუმცა როდესაც ტელევიზორს გამორთავდით, სულ სხვანაირად იყო ყველაფერი. ჩვენ აღმოვჩნდით მეორე უკიდურესობაში, რადგანაც ის წარმატებული პროექტები, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ, მოსახლეობამდე შესაბამისად ვერ მივიტანეთ. ეს არ უნდა იყოს ზედმეტობა, თუმცა მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყველა განხორციელებულ რეფორმაზე და სიკეთეზე, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ამ მიმართულებით აქტიური კამპანია გვექნება ჩვენ ჩასატარებელი”, - განაცხადა კახა კალაძემ.