კლაას დიკჰოფმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამ ეტაპზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგია

კლაას დიკჰოფმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამ ეტაპზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგია

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ამ ეტაპზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგია. 

ამის შესახებ დიკჰოფმა „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდონტის, რიკარდ იოზვაკის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც მას ჰკითხა, მიიღეს თუ არა ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მკაფიო განმარტება გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიისგან, თუ რატომ ბლოკავენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

„ქვეყნებმა, რომლებიც ამ საკითხს ახლა არ ეთანხმებიან, განმარტეს საკუთარი პოზიცია, რისი გაცნობაც ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, კითხვები დავუსვით და ვთხოვეთ პოზიციის ახსნა. ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ კარგია ვიცოდეთ რაშია პრობლემა, რათა ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიმუშაოთ. საქართველოსთან მიმართებაში ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მან ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს, მაგრამ რამდენიმე მათგანი ასე არ ფიქრობს. ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ დავთვალოთ, მეტია თუ არა მომხრე. თუ საკმარისი არ არის, როგორც ახლა, მაშინ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კლაას დიკჰოფმა.

პრესკონფერენციაზე მან თავი შეიკავა იმ სავარაუდო თარიღების დასახელებაზე, თუ როდის გადაწყდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი. თავის მხრივ, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა კდიევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკომისიის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო.

„მიგვაჩნია, რომ ყველა პირობა შესრულებულია. ჩვენ გვესმის, რომ რამდენიმე წევრი ქვეყანა ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის. მაგრამ ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ განვაგძობთ საკითხის წინ წაწევას, რათა შეთანხმება მიღწეული იყოს რაც შეძლება მალე“, - განაცხადა ავრამოპულოსმა.